vap.ge

როგორ გავუმკლავდეთ ნებისმიერ ავადმყოფობას?! ზოგადი რეკომენდაციები და რეცეპტები

როგორ გავუმკლავდეთ ნებისმიერ ავადმყოფობას?! ზოგადი რეკომენდაციები და რეცეპტები

თითოეული ადამიანი უნდა ფიქრობდეს გამოჯანმრთელებაზე. უნდა სჯეროდეს, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ყველა წამალი თუ უბრალო წყალიც კი გამოჯანმრთელების რწმენით უნდა მიიღოთ. ასეთი რწმენით მიღებული ერთი წვეთი რძეც კი თქვენი ორგანიზმისთვის ახალგაზრდული ენერგიისა და ჯანმრთელობის მომტანი იქნება (თუ უზმოზე მიირთმევთ 1/2 ჭიქა თხის რძეს, 3 ცალ ჭერმის ჩირთან ერთად, პანკრეატიტისგან განიკურნებით).

დიდი ხნით ნუ გაჩერდებით ჩახუთულ შენობაში. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში — ტყეში ბევრი სუფთა ჰაერია, მასთან ერთად კი სიმხნევეს, სიჯანსაღეს შეისუნთქავთ, ავადმყოფობას და სისუსტეს კი მოიშორებთ. უმცირესი წარმატებისთვისაც კი მადლობა შესწირეთ უფალს. ღმერთი ყოველთვის ჩვენი მფარველია ფიზიკური თუ სულიერი სიჯანსაღის მიღწევის რთულ გზაზე.

- გამუდმებით უნდა ჩააგონოთ საკუთარ თავს, რომ ბედნიერი ხართ და მადლიერი იმისათვის, რაც გაქვთ. ახლა კი მინდა გასწავლოთ ერთი რეცეპტი, რომელიც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

აიღეთ 30 გრამი ასკილის ნაყოფი, 30 გრამი მოცხარის ფოთლები, 10 გრამი ვალერიანის ძირები, 20 გრამი მაყვლის ფოთლები, შეურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთით. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ, ჩაასხით მუქ ჭურჭელში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას. სვით თითო სუფრის კოვზი სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ისწავლეთ სიმშვიდე და ზომიერება ყველაფერში... ასე ადვილად დაიბრუნებთ ჯანმრთელობას.

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებული ზოგადი რეკომენდაციები ფსიქოსომატური თეორიის საფუძველს წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი პათოლოგიური ცვლილება მის სულიერ პრობლემებთან მჭიდრო კავშირშია და თუ ერთდროულად არ მოწესრიგდება ფიზიკური და სულიერი პრობლემები, მყარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. რაც შეეხება ჯანმრთელობის ელექსირის რეცეპტს, მასში შემავალი კომპონენტები ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, დამამშვიდებელი, ვიტამინიზებული საშუალებები. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ C ვიტამინს, რომელიც მართლაც სასიცოცხლო ძალების წყაროს წარმოადგენს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version