vap.ge

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა ფუტკრის ნაკბენის დროს?! როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება დაზარალებულს. .

რას გვირჩევს ხალხური მედიცინა ფუტკრის ნაკბენის დროს?! როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება დაზარალებულს. .

ძველი ხალხისაგან გამიგონია, რომ ფუტკრის ნაკბენზე ძალიან კარგია ნივრის წასმა. მე თავად მყავს ფუტკარი და ხშირად მიწევს მათი კბენის ატანა. თუკი ახალ ნაკბენზე ნიორს გადავისვამ, ნაკბენი ადგილი არც მისივდება და არც ტკივილი მაწუხებს.

ექიმის კომენტარი: ნიორი ხალხურ მედიცინასა და ფიტოთერაპიაში ცნობილია, როგორც ანტიანთებითი, ანტიმიკრობული მოქმედების მცენარე. იგი დადებითად ზემოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებზე. რაც შეეხება ფუტკრის ნაკბენს, იგი წარმოადგენს ადგილობრივი ალერგიულ-ანთებითი რეაქციის გამოვლინებას, რასაც ფუტკრის შხამი იწვევს. მისი განვითარების მექანიზმს საფუძვლად უდევს ტოქსინის (შხამის) კანში მოხვედრის საპასუხოდ ადგილობრივი სისხლძარღვების სპაზმი (შევიწროება) და კანის ანთება.

ნიორი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ხსნის სპაზმსაც (აქვს სპაზმოლიზური ეფექტი) და ეწინააღმდეგება ანთების განვითარებასაც. ამდენად, სავსებით რეალური უნდა იყოს მისი ეფექტი აღნიშნულ შემთხვევაში გამოყენებისას.

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება დაზარალებულს ? ყურადღებით დაათვალიერეთ ნაკბენი უბანი. აუცილებლად ამოიღეთ ჩარჩენილი ნესტარი. ეს ფრთხილად გააკეთეთ, ზედმეტი ზეწოლის გარეშე, ისე, რომ არ მოხდეს ნაწილის ჩარჩენა ან შხამის დამატებით გავრცელება ჭრილობაში. ნაკბენ უბანზე ცივი დაადეთ.

შეშუპებისა და ადგილობრივი ანთების შესამცირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიდროკორტიზონის ან პრედნიზოლონის მალამო. ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილ პირებს სასურველია უმალ მიაღებინოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი. ალერგიული რეა- ქციის მძიმედ მიმდინარეობისას (გავრცობილი ჭინჭრის ციება ზოგადი მდგომარეობის მნიშვნელოვანი დარღვევით, გულისრევითა და ღებინებით, ტკივილებით მუცლის არეში, სწრაფად გავრცელებადი კვინკეს შეშუპებით) აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპა- რატის (სუპრასტინი, ტავეგილი) ინტრამუსკულარულად (კუნთში) შეყვანა.

ხორხის ალერგიული შეშუპების დროს კი, როდესაც ვლინდება სუნთქვის დარღვევა — ინტრავენურად შეჰყავთ პრედნიზოლონი (ნელ-ნელა 2-3 წუთის განმავლობაში); თუ ვერ ხერხდება ვენაში შეყვანა, მაშინ კუნთში ხდება მედიკამენტის ინექცია.

- ანაფილაქსიური შოკის დროს დაზარალებული ზურგზე უნდა დააწვინოთ ისე, რომ ქვედა კიდურები წამოწეული ჰქონდეს. თუ ღებინება აღენიშნება ან გონება დაკარგული აქვს, მას გვერდზე აწვენენ. აუცილებელია დაზარალებულის გათბობა და სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა, მწერის ნაკბენის ზემოთ ზონარის გადაჭერა, ხოლო ნაკბენ უბანზე ყინულის დადება. პირველი დახმარების პარალელურად ნუ დაგავიწყდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც.

Facebook კომენტარები
Exit mobile version