როდის და როგორ უნდა გამოვიყენოთ ფუტკრის რძე, რომ ეფექტური შედეგი მოგვცეს?
ფუტკრის რძე უნიკალური პროდუქტია, რომელიც მზადდება ახალგაზრდა მუშა ფუტკრების მიერ საყლაპავი მილისა და ზედა ყბის მუშაობის საიდუმლო მეთოდების გამოყენების საფუძველზე.
ფუტკრის რძე წარმოადგენს გელისებრი კონსისტენციის არაგამჭვირვალე მოთეთრო, ან კრემისფერ, სპეციფიკური სუნის მქონე მასას, რომელიც მჟავე და გამოკვეთილად მწვავე გემოთი ხასიათდება.
ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან მის შემადგენლობაში შედის რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის.
ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები – საერთო რაოდენობით 3,9%.
აგრეთვე მინერალური მარილები, ცილოვანი ნივთიერებები, ვიტამინები, ცხიმი და შაქარი.
რძე გამოიყენება პატარა მატლებისათვის პირველი სამი დღის განმავლობაში. განსაკუთრებით იმ მატლებისთვის, რომელთაგან გამოიყვანება დედა ფუტკრები.
იგი სპეციფიკურ საკვებად გვევლინება მთელი მისი განვითარების პერიოდში. მოზრდილი დედებისთვის კი გამოიყენება დროებით, ინტენსიური კვერცხისდების პერიოდში.
ფუტკრის რძე უნიკალური შემადგენლობის პროდუქტია. მასში 110 სხვადასხვა შენაერთი და მინერალური ნივთიერებაა.
განსაკუთრებით ღირებულია იმით, რომ შედგება იმ შეუცვლელი ამინომჟავებით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია გამოიმუშაოს და მზა სახით უნდა მიიღოს.
მასში აღმოჩენილია დაახლოებით 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ).
ამ პროდუქტის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, პანთოტენის მჟავა, ამაგრებს თმებს, კურნავს დამწვრობას და ტროპიკულ წყლულებს.
მიკროელემენტები დიდ როლს თამაშობს სისხლწარმოქმნაში, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულაკების გამომუშავებასა და აღდგენას.
ფუტკრის რძეს აქვს ფართო ბიოლოგიური ზემოქმედების უნარი. მისი მიკროელემენტები აქტიურად ზემოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, ამაღლებს შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობას, აჩქარებს სიმაღლეში ზრდის პროცესს და აუმჯობესებს მადას.
მისი ზემოქმედებით აქტიურდება საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობა, წესრიგდება წნევა, სისხლში იზრდება რკინის, ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობა.
ამავე დროს, იგი ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს, აჩქარებს ჭრილობებისა და წყლულების განკურნების პროცესს; ხელს უწყობს ჰორმონ ადრენალინის გამომუშავებას და სისხლში გლუკოზის აწევას.
ფუტკრის რძის სისტემატური მოხმარება იწვევს კორონარული (გულის) სისხლძარღვების და ბრონქების გლუვი მუსკულატურის გაფართოებას;
ამიტომ, რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სტენოკარდიის, ჰიპოტროფიისა და სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.