vap.ge

მითია თუ რეალობა, რომ ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი და რძე სიმაღლეში ზრდის?

ალბათ ყველას აინტერესებს მითია თუ რეალობა, რომ ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი და რძე სიმაღლეში ზრდის? - ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობს ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე

ზოგჯერ მშობლები წუხან, რომ მათი შვილი თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩება. სიმაღლეში ზრდისთვის გავრცელებულია ხალხური მეთოდები, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე  გავრცელებული მოსაზრებაა „სტაფილოს მითი“. მართლაც, მითია თუ რეალობა, რომ ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი, რძე და სხვადასხვა კომბინაცია სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს? ამ კითხვას ბავშვთა ენდოკრინოლოგი, პედიატრი ნინო ხელაძე პასუხობს.

- ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი, რძე და სხვადასხვა კომბინაცია - ხალხური მეთოდები რამდენად ეფექტურია სიმაღლეში ზრდისთვის?

 

- ეს პროდუქტები ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. შეიცავს აუცილებელ და კარგ ვიტამინებს, თუმცა არავითარი მტკიცებულება კონკრეტული რეცეპტების ეფექტურობაზე არ არსებობს. ყველა ბავშვის რაციონში სტაფილოც უნდა იყოს, ჭარხალიც და რძეც. ძირითადად, ყველაზე გავრცელებული რეცეპტი ამ პროდუქტების კომბინაციას გულისხმობს. ერთად მათი დალევა გემრიელიც არ არის. არ არის აუცილებელი, მსგავსი რეცეპტით ვუმზადოთ და დავაძალოთ ბავშვებს მისი დალევა. ფსიქოლოგიურადაც, ბავშვი იმახსოვრებს, რომ დაბალია და მომავალში ამისგან გარკვეული კომპლექსი უჩნდება. შეიძლება ნორმალური სიმაღლის იყოს, მაგრამ მაინც ექნება განცდა. მეორე მომენტია, შეიძლება არ გაიზარდოს იმ სიმაღლის, როგორიც უნდოდადა ეს დააბრალოს იმას, რომ არ თავის დროზე მისთვის მომზადებული კოქტეილი არ დალია. ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ გააკეთონ ჩანაწერი და მოინიშნონ ბავშვების სიმაღლე თუნდაც ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში. ეს დაგვეხმარება შეფასებაში, წლიდან წლამდე რამდენი სანტიმეტრით გაიზარდა და ნორმალურად მიდის თუ არა ზრდის პროცესი. თუ ბავშვს ორი წელი ერთი და იგივე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი აცვია, თუ კლასში ყველაზე მაღალი იყო, მაგრამ ახალ სასწავლო წელს დაინახეთ, რომ ყველას ჩამორჩება, უნდა მიაქციოთ ყურადღება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version