vap.ge

ნახეთ რის სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხენისწაბლი

ჩვეულებრივი საჭმელი წაბლი და ცხენისწაბლა, ცხადია, ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა სამკურნალო თვისებები ორივეს აქვს. საჭმელი წაბლის ფოთლები უხვად შეიცავს გლიკოზიდებს, პექტინურ და სათრიმლავ ნივთიერებებს, K ვიტამინს. ხალხურ მედიცინაში მას ნახარშის ან ნაყენის სახით იყენებენ, როგორც სისხლის შემაჩერებელ საშუალებას შინაგანი სისხლდენისას.

ნაყოფის ლებანი ხორციანი, ღია კრემისფერია. ის მდიდარია სახამებლით, შაქრებით, ცილებით, შეიცავს, აგრეთვე, ცხიმებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს, ფერმენტებს. დაუმწიფებელი წაბლი მდიდარია C ვიტამინით. მერქანი, ქერქი, კვირტები და ფოთლები 10-16% სათრიმლავ ნივთიერებებს შეიცავენ.

გამომშრალი ნაყოფის ნახარში და ხმელი ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისას, ნედლი ფოთლები კი საუკეთესო საშუალებაა ყივანახველის დროს.

წაბლის ნაყოფისა და ქერქის გამოყენება შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, თირკმლების დაავადებასთან დაკავშირებული შეშუპების, ცხვირიდან სისხლდენის დროს. გარეგანად წაბლის ნაყოფის ნახარშს იყენებენ ცხელი საფენების სახით ფურუნკულებისა და ჩირქგროვების სამკურნალოდ. წაბლის ყვავილების სპირტიან ნაყენს კი ქრონიკული დიზინტერიისა და საშარდე ბუშტის ანთების მკურნალობისას იყენებენ.

ფართოდაა ცნობილი ცხენისწაბლას სამკურნალო თვისებები. მისი ქერქის, ყვავილებისა და თესლის ნაყენს იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და შემკვრელ საშუალებას. მკურნალობენ, აგრეთვე, სხვადასხვა რევმატულ დაავადებას, ბრონქების ანთებას, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, ნაღვლის ბუშტის დაავადებებს, საჭმლის მონელების ქრონიკულ აშლილობას, ძნელად შესახორცებელ ჭრილობებს.

ცხენისწაბლას ქერქისა და თესლისგან ფარმაცევტულ წარმოებაში თრომბოფლებიტისა და ჰემოროის სამკურნალო პრეპარატებს ქმნიან.

ამჯერად რამდენიმე ხალხურ რეცეპტს შემოგთავაზებთ:

ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ცხენისწაბლას ნაყოფის ან ყვავილის ნახარშის აბაზანას იყენებენ. ნახარში შემდეგნაირად მზადდება: 50 გრამი ხმელი დაქუცმაცებული ნედლეული ერთ ლიტრ წყალში ნახევარი საათი ადუღეთ, შემდეგ გადაწურეთ, ოდნავ გააგრილეთ და ფეხების აბაზანა გაიკეთეთ.

ჰემოროის სამკურნალოდ ნაყოფისა და ქერქის ნახარშს იყენებენ. 5 გრ. დაქუცმაცებულ ნაყოფსა და ამდენივე ქერქს დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში, ცხელივე გადაწურეთ და ადუღებული წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ. დალიეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

გამწვავებული ქრონიკული დაავადებებისას ერთი მწიკვი ძალიან წვრილად დაჭრილი ფოთლებისა და ქერქის ნაზავს დაასხით ერთი ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ, დალიეთ 2-3 სადილის კოვზი 5-6-ჯერ დღეში საკვების მიღების შუალედებში. ნაყენი კარგი საშუალებაა ხველების დროს, განსაკუთრებით მწეველთათვის.

გულის არეში ტკივილების დროს შემდეგი რეცეპტი გიშველით: 3 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ცხენისწაბლას დაასხით 2 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. გადაწურვა არ არის საჭირო. დალიეთ 30-35 წვეთი დღეში 3-ჯერ  ჭამის დროს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version