აღმოჩნდა, რომ ცემინება, სლოკინი და მთქნარება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მეცნიერების მტკიცებით, ყველა ეს პირობითი რეფლექსი ბუნებამ ორგანიზმის დასახმარებლად შექმნა.
ცემინება
როცა ცხვირის ღრუში დიდი რაოდენობით გროვდება მიკრობები, ალერგენები ან მტვერი, ცხვირ-ხახის არეში განლაგებული ნერვული დაბოლოებები ღიზიანდება და ისინი ცხვირიდან სპაზმური ამოსუნთქვით, რასაც ცემინებას უწოდებენ, გარეთ გამოიდევნება.
ნორმად მიჩნეულია დღეში ერთხელ დაცემინება, მაგრამ თუ თქვენ ყოველ დილას ცემინებით იწყებთ ან პირველი დაცემინების შემდეგ ვეღარ ჩერდებით, ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. სავარაუდოდ, ორგანიზმი მიგანიშნებთ, რომ რაღაც რიგზე არ არის - ან ალერგენია სადღაც ახლოს, ან ქრონიკული რინიტი გაქვთ, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე გაწუხებთ.
თუმცა ერთ-ერთ სპეციალისტს ჰყავდა პაციენტი, რომელსაც ცემინება წარბების ამოქნის დროს ეწყებოდა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სწორედ ამ ზონაშია განლაგებული ცემინების მაპროვოცირებელი ნერვული დაბოლოებები. მზის შუქით გამოწვეული ცემინებისას კი ულტრაიისფერი სხივები ყნოსვის რეცეპტორებს აღიზიანებენ.
მიზეზის მიუხედავად, ცემინებისას არ დაგავიწყდეთ ცხვირსახოცის აფარება. საქმე ის არის, რომ ამ დროს ცხვირიდან 160 კმ. სთ. სიჩქარით 100 ათასზე მეტი ბაქტერია გამოიტყორცნება, თქვენი დაუდევრობით კი შეიძლება გარშემო მყოფები დაზარალდნენ.
მთქნარება
მთქნარება ყველაზე იდუმალი მოვლენაა. მის დანიშნულებაზე მეცნიერები დღემდე კამათობენ. ცნობილია, რომ ჩვილები ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას ამთქნარებენ. ამთქნარებს თითქმის ყველა: ბაყაყები, ფრინველები, ძუძუმწოვრები და თევზებიც კი. გგონიათ, იმიტომ ამთქნარებთ, რომ გამოძინება ვერ მოახერხეთ ან მოწყენილობისგან კვდებით?
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მთქნარებას გამოუძინებლობასა და მოწყენილობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. არის სიტუაცია, როცა სულაც არ გვეძინება, მაგრამ მაინც ვამთქნარებთ, კერძოდ, როცა ვღელავთ ან ჟანგბადის ნაკლებობას განვიცდით. სტრესის დროს თავის ტვინი გადატვირთულია და ხურდება! ნერვული სისტემა დამცავ მექანიზმად იყენებს მთქნარებას - ამ გზით ტვინი გაგრილებას ცდილობს.
როგორც აღვნიშნეთ, მთქნარება შეიძლება გამოიწვიოს მეტისმეტმა სიცხემ ან უჟანგბადობამ. კიდევ უფრო რთულია იმის ახსნა, რატომაა მთქნარება გადამდები. ერთ-ერთი თეორიით, ამ დროს ირთვება მიმბაძველობისა და თანაგრძნობის რეფლექსი.
რაც უნდა იყოს მთქნარების მიზეზი, სპეციალისტები ერთ რამეში თანხმდებიან - მთქნარება ძალიან სასარგებლოა! მთქნარების დროს სასუნთქი გზები ფართოვდება, კუნთები დუნდება, რის შემდეგაც ერთი წამით გეუფლებათ ნახევრად გონმიხდილი მდგომარეობის სასიამოვნო და სასარგებლო განცდა. ასე რომ, თავშეკავება არც მთქნარებისგან ღირს, რა თქმა უნდა, თუ სამსახურში უფროსის კაბინეტში არ იმყოფებით.
სლოკინი
სლოკინი რთული პროცესია, ის ჩნდება ეგრეთ წოდებულ "ცთომილ" ნერვში, რომელიც აკავშირებს საყლაპავ მილს, დიაფრაგმასა და ნერვულ სისტემას. როცა სწრაფად ვჭამთ, თითქმის დაუღეჭავ დიდ ლუკმებს ვყლაპავთ, ზედმეტ საკვებს ვიღებთ და კუჭი იბერება, ცთომილი ნერვი იძაბება, "აწუხებს" დიაფრაგმას, რომელიც თავდაცვის მიზნით, მკვეთრი ჰაეროვანი ბიძგებით ცდილობს საჭმელს გადაადგილებაში დაეხმაროს.
ხშირ და ხანგრძლივ სლოკინს სპეციალისტები საგანგაშო სიგნალად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეს შეიძლება გასტრიტის, ნაწლავთა გაუვალობის, მიოკარდის ინფარქტის, საყლაპავი მილის ან ფილტვების კიბოს, მალთაშორისი დისკის თიაქრის სიმპტომი იყოს.
რას აღარ იგონებენ სლოკინის შესაჩერებლად, ყველაზე სწორი და მარტივი კი ჩვეულებრივი გაზმორება, ღრმა თანაბარი ჩასუნთქვები, ჩასუნთქვისას სუნთქვის შეკავება და რამდენიმე ყლუპი წყლის დალევაა. ზოგი სლოკინის შესაჩერებლად შეშინების ეფექტს მიმართავს, მაგრამ გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ეს მეთოდი მხოლოდ აძლიერებს სლოკინს. მოკლედ, აცემინეთ, ამთქნარეთ და ასლოკინეთ რამდენიც გნებავთ, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ პირობითი რეფლექსების ჩახშობის მცდელობა ჯანმრთელობისთვის საზიანოა!