ხურმის სამკურნალო თვისებებზე ყველამ უნდა იცოდეს
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის ჭამაც სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი (კოროლიოკი) – მისი ნაყოფი მაშინაც იჭმება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია. ხურმის ნაყოფს დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს, უმთავრესად, გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი (მარგანეცი) და კალიუმი.
დიდი რაოდენობით ტანინის შემცველობა მკვახე ნაყოფს მწკლარტე გემოს ანიჭებს, მაგრამ მომწიფების შემდეგ ეს გემო სუსტდება. სიმწკლარტის გასაქრობად შესაძლებელია ხურმის გაყინვა – გალღობის შემდეგ ეს გემო ქრება.
ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუტების ჩამონათვალშია.
ხურმას მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ათეროსკლეროზთან და გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლს უკან იტოვებს. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. და თუმცა სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო ბევრია, ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით.
ხურმის მიღება სასარგებლოა თირკმელების, გულის დაავადებებისას, აქვს შარდმდენი მოქმედება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ.
ხურმის ჩირი ჰიპერტონიის დროს გამოიყენება, როგორც ვალოკარდინის შემცვლელი. ამისთვის ყოველდღე 2–3 ცალი ნაყოფის მიღებაა აუცილებელი.
ხურმის ნაყოფი კარგია კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლისთვის.
ხურმა ერთ–ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, ასევე, ის აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები, უმეტესად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.
ხურმაში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს.
კანის დაბერების წინააღმდეგ მოამზადეთ ნიღაბი ამგვარად: ხურმის გახეხილი რბილობი შეურიეთ რძეს ან ნაღებს პროპორციით 1:1, დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15–20 წუთი, შემდეგ ჩამობიანეთ თბილი წყლით. სათანადო ეფექტისთვის ჩაიტარეთ 20 პროცედურა.
გაითვალისწინეთ, რომ ხურმა (მით უფრო, დიდი რაოდენობით) არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ზოგადად, ხურმის ჭამის დროს ზომიერება ყველასთვის საჭიროა — გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს.