ბროწეულის სეზონი მოვიდა - რატომ და რისთვის არის აუცილებელი მისი მიღება?
აცივებასთან ერთად იმატებს ვირუსული ინფექციებით დაინფიცირების რისკიც, რაც დამეთანხმებით, არავისთვის არის სასურველი ასაკის და საქმიანობის მიუხედავად.
ამიტომაც, ყველაზე წინდახედულები უკვე გვიანი შემოდგომიდან, ხოლო ნაკლებ შორსმჭვრეტელები კი დეკემბრიდან იწყებენ ზრუნვას იმაზე, თუ რა გზებით და მეთოდებით გაიძლიერონ იმუნიტეტი რისკების თავიდან ასაცილებლად.
იმუნიტეტის გასამაგრებლად და ორგანიზმის საჭირო ვიტამინებით მოსამარაგებლად ერთ-ერთი საუკეთესო ხილია ბროწეული.
გარდა იმისა, რომ ეს ხილი გარეგნულად საოცრად მომხიბვლელი, ხალისიანი, სასიცოცხლო ძალებით სავსე ვიზუალის მქონეა, ის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ არაერთ საკვებ ნივთიერებას შეიცავს.
თუ იცოდით, რომ ბროწეული 15-მდე სახეობის ამინო-მჟავას შეიცავს, რომელთაგან 5 სრულიად შეუცვლელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამას გარდა, ეს ხილი მდიდარია K, C, B9 და B6 ვიტამინებით და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალიუმი და ფოსფორი.
ამ ყველა სიკეთესთან ერთად, ბროწეული საკმაოდ დაბალკალორიულიცაა ხილის კატეგორიაში: 100 გრ. ბროწეულზე 72 კკალ. მოდის.
და კიდევ ერთი განსაკუთრებით პრაქტიკული თვისება: საყინულეში შენახვის პირობებში, ბროწეული თავის სასარგებლო თვისებებს ერთ წლამდე ვადით ინარჩუნებს - წარმოგიდგენიათ, ერთი წელი!
ბროწეულის მარცვლები საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს, მაღლა სწევს ჰემოგლობინს, რის გამოც ხშირად ინიშნება ანემიის დროს.
ამას გარდა, ბროწეული დადებით გაველნას ახდენს თმის ცვენის მკურნალობაზე, ბლოკირებას უკეთებს სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ხელს უწყობს ნაწიბურების და დამწვრობების მოშუშებას/შეხორცებას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აძლიერებს იმუნიტეტს - შესაბამისად, გვეხმარება ვირუსების პრევენციაში და/ან მათ დაძლევაში.
თუმცა, ამ ყველა ზემთჩამოთვლილი სასიკეთო თვისებების გარდა, ბროწეულს კიდევ ერთი გამორჩეული ღირსება აქვს: ის სუპერ ანტიოქსიდანტია და შეიცავს ნივთიერება პუნიკალაგინს, რომელიც დადებითად მოქმედებს გულზე.
პუნიკალაგინი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და დაბლა სწევს სისხლში ე.წ. "ცუდი" ქოლესტერინის დონეს. ჩემთვის საინტერესო აღმოჩენა იყო ის, რომ არამხოლოდ ბროწეულის მარცვლები, არამედ მისი ქერქიც კი საკმაოდ სასარგებლოა: როგორც გავარკვიე, ქერქის ნახარშს ხშირად იყენებენ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.