გაფართოებული ფორები საკმაოდ დიდი კოსმეტიკური ნაკლია, რომელიც მანდილოსნებს ბევრ პრობლემას უქმნის. ამას იწვევს არასწორი კვება, სტრესი, ცუდი კოსმეტიკა, გენეტიკა და ა.შ.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომლის დახმარებით ამ პრობლემას მოაგვარებთ. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ რომელიმე კომპონენტზე ალერგია არ გაქვთ.
როგორ შევავიწროვოთ სახის ფორები?
გულყვითელა და გვირილა
მოამზადეთ ტონიკი. ამისთვის შეურიეთ ერთმანეთს ½ ს/კ გულყვითელას გამხმარი ყვავილი, ½ ს/კ გვირილას გამხმარი ყვავილი და მდუღარე წყალი დაასხით. ნარევი 30–40 წუთით დატოვეთ, ამის შემდეგ ის გადაწურეთ და მასში ბამბის ხელსახოცი დაასველეთ. კომპრესი სუფთა კანზე რამდენიმე წუთით დაიდეთ.
კვერცხის ცილა
ზემოთ ხსენებული ინგრედიენტებისგან მომზადებული ნახარშის 1 სუფრის კოვზს შეურიეთ 1 კვერცხის ცილა და ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი დაამატეთ. მიღებული ნიღაბი სუფთა კანზე წაისვით და 15–20 წუთში ჩამოიბანეთ.
კოსმეტიკური ყინული
იგივე ნახარში შეგიძლიათ გაყინოთ და ყოველ დილით გამოიყენოთ. სახე ყინულის კუბიკით გაიწმინდეთ და შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ.
თიხა და ლიმონის წვენი
აურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ კოსმეტიკური თიხა და წყალი. არაჟნის კონსისტენცია უნდა მიიღოთ. დაამატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. მიღებული ნიღაბი სახის კანზე წაისვით. როდესაც ის გაშრება, მასა ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ჟელატინის ნიღაბი
1 ს/კ ჟელატინს 2 ს/კ რძე შეურიეთ. ნარევი 5 წუთით სითბოში დატოვეთ, ამის შემდეგ კი, ის 20 წამით მიკროტალღურ ღუმელში, საშუალო ტემპერატურაზე ჩადეთ. ნიღბის რამდენიმე ფენა კანზე წაისვით, მოერიდეთ წარბების და თვალების არეს. იმის შემდეგ, რაც უკანასკნელი ფენა გაშრება, საშუალება დამატებით 15 წუთით გაიჩერეთ და ნიღაბი აიძრეთ.
იოგურტი
თუ ნატურალურ იოგურტს სახეზე ყოველ დღე 20 წუთით წაისვამთ, ღია ფორებს დაემშვიდობებით. ის კანის ფერს აღიავებს და კანს უფრო ელასტიურს ხდის. შედეგს უკვე 1 კვირაში შეამჩნევთ.
შვრიის ნიღაბი
ეს ნიღაბი კანს გლუვს გახდის. აურიეთ ერთმანეთს 2 ს/კ შვრიის ფქვილი და 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა. მასა სახეზე 20 წუთით წაისვით და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ კანი პირველი რეცეპტით მომზადებული ნახარშით გაიწმინდეთ.