რატომ გაძვირდა ავიაბილეთები საქართველოში ?!

1499
aviabiletebi

კორონა ვირუსის პანდემიამ ავიაციის სფეროში ბევრი ცვლილება გამოიწვია. იმ რეგულაციების გამო, რომელთა აუცილებლობა დღის წესრიგში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგა, ავიაკომპანიები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ.

განსაკუთრებით დიდი გავლენა ავიაციის ინდუსტრიაზე ქვეყნებს შორის საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების სიხშირის შემცირებამ მოახდინა. მაგალითად, საქართველოს დღემდე ბევრი ქვეყნისთვის აქვს საჰაერო სივრცე ჩაკეტილი. რეგულარული მიმოსვლა მხოლოდ 3 ქვეყანაში ხორციელდება, ჩარტერული რეისების უმრავლესობა კი მხოლოდ თბილისიდან მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული.

ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, Aviabiletebis ფასების ცვლილება გამოიწვია. გაძვირებულმა ფრენებმა მოგზაურების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არსებობს რადენიმე მიზეზი, რის გამოც ფასების გაზრდა გარდაუვალი იყო.

მოთხოვნა უფრო დიდია ვიდრე მიწოდება

როდესაც ავიაკომპანიებს მიმართულებებისა და ავიარეისების რაოდენობა შეეზღუდათ, აღმოჩნდა, რომ მოთხოვნა ავიაბილეთებზე უფრო დიდი დარჩა. მოთხოვნის გაზრდაზე განსაკუთრებით იმოქმედა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობამ, რომლებიც საზღვრების ჩაკეტვის გამო უცხო ქვეყნებში დარჩნენ.

თუ პანდემიამდე ავიაკომპანიები კონკრეტულ მიმართულებაზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებდნენ, დღეს კვირაში მხოლოდ ერთი ან ორი რეისის განხორციელების უფლება აქვთ. ამასთანავე, ძირითად შემთხვევაში, ერთ მიმართულებაზე მხოლოდ ერთი ავიაკომპანია ასრულებს ფრენას, რაც მომხმარებლებს არჩევანის საშუალებას არ აძლევს და იძულებულნი არიან არსებულ პირობებს დასჯერდნენ. სწორედ ასეთი მოთხოვნისა და ალტერნატივის არარსებობის გამო ავიაკომპანიები ავიაბილეთებს მაღალ ფასად ყიდიან.

კომერციული ფრენები მხოლოდ ერთი მიმართულებით

ავიაბილეთების გაძვირება, ასევე, კომერციული ავიარეისების მხოლოდ ერთი მიმართულებით შესრულებამ გამოიწვია. საქართველოდან გარკვეული ჩარტერული რეისები მხოლოდ ქვეყნიდან მგზავრების გაყვანას ემსახურება. მაგალითად, მინსკისკიევის და ვარშავის ავიარეისებით მგზავრები მხოლოდ თბილისიდან სარგებლობენ.

ავიაკომპანიები თბილისის აეროპორტში ცარიელ თვითმფრინავებს უშვებენ, თბილისიდან კი მგზავრებით დატვირთული მიდიან.  ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიებისთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომ ზრდიან ავიაბილეთების ღირებულებას.

მაღალბიუჯეტური ავიაკომპანიები

ავიაკომპანიები, რომლებიც დღესდღეობით ოპერირებენ საქართველოს საავიაციო ბაზარზე, შედარებით ძვირადღირებულ ავიაკომპანიებად ითვლებიან. მაგალითად, Lufthansa არც პანდემიამდე გამოირჩეოდა დაბალბიუჯეტური ავიაბილეთებით და მათი სერვისი ყოველთვის ძვირი იყო.

შესაბამისად, ისედაც ძვირადღირებული ავიაკომპანიების მომსახურება ახალი რეგულაციებისა და წესების გამო კიდევ უფრო ძვირადღირებული გახდა ვიდრე მანამდე იყო. რატომ შეირჩა მაინცდამაინც ასეთი ავიაკომპანიები? ეს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიაა, რომლის მიზანი მგზავრთა ნაკადის რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა ვირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად. ერთის მხრივ, ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა რაღაც დოზით აღდგა, თუმცა ავიარეისებით სარგებლობა ყველას არ შეუძლია, რადგამ ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება საშუალოდ 1500 – 3000 ლარამდე აღწევს.

მგზავრთა გადანაწილება თვითმფრინავში

სოციალური დისტანცირების წესი, რომელიც კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით შეიქმნა, თვითმფრინავით მგზავრობაზეც ვრცელდება. რეგულაციების მიხედვით, რომელიც სპეციალურად საავიაციო ინდუსტრიისთვის შემუშავდა, თვითმფრინავში მგზავრების გადანაწილება შუა ადგილის გამოტოვებით ხდება. რადგანაც ავიაკომპანიები სრულად ვერ ავსებენ თვითმფრინავს, არსებულ ადგილებს უფრო ძვირად ყიდიან და ასე ანაზღაურებენ ცარიელ ადგილებს.

ავიაბილეთებზე მიუწვდომლობა

გარკვეულ ავიაკომპანიებს ავიაბილეთები საჯაროდ, ვებსაიტზე არ გამოაქვთ და მათი ავიაბილეთები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. მაგალითად, საქართველოში LOT-ის წარმომადგენლობა ვარშავის ავიაბილეთებს ონლაინ სისტემაში არ დებს და მომხმარებელს საშუალებას არ აძლევს თვითონ შეიძინონ ავიაბილეთები.

ანალოგიური პრინციპით მუშაობს ეგეოსის ავიახაზების წარმომადგენლობა, რომლებიც ათენის ავიაბილეთების გაყიდვის უფლებას მხოლოდ თავისთვის იტოვებენ.  იქედან გამომდინარე, რომ ამ ორ მიმართულებაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და მგზავრობის მსურველები იძულებულნი არიან მხოლოდ ამ სააგენტოებს მიმართონ ავიაბილეთების შესაძენად.

ლარის გაუფასურება

და ბოლოს, ლარის გაუფასურება ყოველთვის მოქმედებდა ავიაბილეთების ღირებულებაზე, თუმცა დღევანდელ რეალობაში ეს კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა. ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად, ლარის უფრო მეტად გაუფასურებამ გამოიწვია ავიაბილეთების ღირებულების ასეთი ზრდა.

წყარო: aviabiletebi.online

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია