
განსაკუთრებით გემრიელი ტკბილეული, რომელის მომზდებაც არც ისე რთულია. თუმცა შედეგი ნებისმიერ სირთულესთან ნამდვილად ღირს.
ახლა კი ნახეთ როგორ მოვამზადოთ თხილიდა და ნიგვზის ჩურჩხელა.
დაგჭირდებათ:
50 ცალი ნიგოზი
100 ცალი თხილი
1.5 ლიტრი ბადაგი
300 გრ ფქვილი
3 ჩ/კ შაქარი
ნემსი
მაგარი ძაფი
ბადაგის, ფქვილისა და შაქრის რაოდენობა საკმარისია ჩურჩხელების ერთჯერადად ამოსავლებად. ჩურჩხელები, სულ მცირე, 2–ჯერ მაინც უნდა ამოვავლოთ.
მომზადების ეტაპები:
პირველ რიგში გაამზადეთ ნიგოზი და თხილი
ნიგოზისთვის:
ნიგოზი გაარჩიეთ. მოათავსეთ ცხელ ტაფაზე და დაბალ ტემპერატურაზე 2–3 წუთით მოხალეთ ისე, რომ არ დაიწვას. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ. ლებნები შუაზე გაყავით.
თხილისთვის:
თხილი გაარჩიეთ და ცხელ ტაფაზე 2–3 წუთით მოხალეთ. ხის კოვზით მუდვმივად ურიეთ, რომ კანი მოშორდეს. თბილ თხილს კანი ხელით მოაშორეთ.
შემდეგ აასხით ძაფზე
დაგჭირდებათ ნემსი და 75 სმ მაგარი ძაფი. ძაფი ორად გაკეცეთ და ააცვით ნიგოზი და თხილი ცალკ-ცალკე. ნიგვზის შემთხვევაში ლებნების ბრტყელი მხარე ზემოთ უნდა იყოს მიმართული. ერთ ძაფზე 25 ცალი ლებანი ააგეთ, ისევე როგორც თხილი. მოაჭერით ნემსი და ბოლო განასკვეთ.
შემდეგი ეტაპი თათარას მომზადებაა
ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით შეურიეთ 500 მლ ბადაგი და ხის კოვზით მოურიეთ. ათქვიფეთ ელექტრო ბლენდერით, რომ ნაზავი ერთგვაროვანი გამოვიდეს. 1 ლიტრი ბადაგი ღრმა ქვაბში მოათავსეთ და თანდათანობით შეურიეთ ფქვილის, შაქრისა და ბადაგის ნაზავი. კარგად მოურიეთ. გააცხელეთ მაღალ ტემპერატურაზე. ურიეთ მუდივად. აადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და დაბალ ცეცხლზე 8–10 წუთით ადუღეთ. თათარა ნელ–ნელა გასქელდება. საბოლოოდ, თათარას ისეთი სისქე უნდა ჰქონდეს, როგორიც სურათზეა ნაჩვენები.
დადგა საბოლოო ეტაპი, ჩურჩხელის ამოვლება თათარაში
ხელი მოკიდეთ ძაფის ბოლოს, ნიგვზის/თხილის ასხმა თათარაში მოათავსეთ და კოვზის დახმარებით ნელ–ნელა თათარაში ჩაფალით. თუ თათარა სწორადაა მომზადებული ჩურჩხელა წვეთას არ დაიწყებს. ჩურჩხელები გასაშრობად დაკიდეთ. შეგიძლიათ, ჩამოკიდოთ ორ სკამს შორის გადებულ ჯოხზე. გააშრეთ, კიდევ რამდენჯერმე ამოავლეთ და შეინახეთ.
ჩურჩხელები მზეზე 3–4 დღით გააშრეთ, სანამ წებოვანი აღარ იქნება. 3–4 დღის შემდეგ, თავიდან ამოავლეთ თათარაში. თათარა ისევ ისე მოამზადეთ, როგორც ზემოთაა აღწერილი, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბადაგის რაოდენობა 2 ლიტრამდე გაზარდეთ. მეორედ ამოვლების შემდეგაც ჩურჩხელები მზეზე კიდევ 3–4 დღით გააშრეთ. შეგიძლიათ, ჩურჩეხელების ამოვლების პროცესი კიდევ რამდენჯერმე გაიმეოროთ. როცა ჩურჩხელები ბოლომდე გაშრება მისართმევადაც მზად არის. შეინახეთ მშრალ ადგილას 2–3 თვემდე. შენახულ ჩურჩხელას ზედაპირზე შაქრის თხელი ფენა უჩნდება – ეს ბუნებრივია, თანაც ჩურჩხელას უფრო ლამაზს და გემრიელს ხდის.































