“ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის”

525

“ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის”

ორსულობის დროს თმა ისე გამითხელდა, რომ თავზე მელოტი ადგილებიც კი გამიჩნდა. ამას დაერთო ქერტლიც, რომელიც მანამდე არ მქონდა. დახმარებისთვის ბუნებას მივმართე… ამ რეცეპტებს გიგზავნით მათთვის, ვინც თმის ცვენას და ქერტლს უჩივის.

ქერტლი რომ მოიცილოთ და თმის ცვენა შეგიჩერდეთ, კვირაში 1-2-ჯერ თმის ძირებში შეიზილეთ 2-3 ს/კ ახალგამოწურული ხახვის წვენი. შემოიხვიეთ პირსახოცი და 1 საათის შემდეგ (თუ ცხიმიანი თმა გაქვთ — 2-3 საათის შემდეგ) თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

თმის ცვენას აჩერებს შემდეგი ნარევიც: წვრილად გახეხილ 4 წილ ხახვის ფაფას შეურიეთ 1 წილი თაფლი, შეიზილეთ თმის ძირებში და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, უსაპნოდ. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რეგულარულად.

ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში ხახვის ფურცელი, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადაწურეთ, დაუმატეთ ნახარშს 2ჩ/კ გლიცერინი და 2-3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში.

ექიმის კომენტარი: ხახვი მრავალწლიანი ბოლქვიანი ბალახოვანი მცენარეა. იგი შეიცავს 10%-მდე შაქრებს, ცილოვან ნივთიერებებს, უჯრედისს, კალციუმისა და ფოსფორის მარილებს, ზოგიერთ მიკროელემენტს და ეთერზეთებს. ეთერზეთის შემადგენელი ნაწილია სულფიდური ნივთიერებები, რომლებიც მცენარის ცრემლმდენ ეფექტს განაპირობებს. ხახვი შეიცავს აგრეთვე ფერმენტებს, გლიკოზიდებს, ინსულინს, ფიტინს.

ხახვის ბოლქვსა და ფოჩებშიც საკმაო რაოდენობითაა ასკორბინის მჟავა (ანუ C ვიტამინი), A პროვიტამინი, B, B, და PP ვიტამინები. ხახვი ხალხურ მედიცინაში ცოცხლადაც გამოიყენება, მოხარშულიც, შემწვარიც და გამომშრალიც. მწვანე ხახვს იყენებენ სურავანდის პროფილაქტიკისათვის, რადგან 70 გ მწვანე ხახვის მიღებით ადამიანის ორგანიზმი ასკორბინის მჟავის დღიურ დოზას იღებს. ხახვში შემავალი ფიტონციდები თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების ზრდას, რის გამოც ხახვი ეფექტიანად გამოიყენება მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინების, ქრონიკული ტონზილიტის სამკურნალოდ. ხახვის პრეპარატები აუმჯობესებს მადას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

ამ თვისებების გამო ხახვს მონელების დარღვევების, ქრონიკული ყაბზობის, ნაწლავთა ატონიის დროსაც იყენებენ. აღსანიშნავია ხახვის დადებითი ეფექტი კანის ქრონიკულად მიმდინარე ჩირქოვანი პათოლოგიების, ჩირქოვანი წყლულების დროს. ცოცხალი ხახვი ასტიმულირებს სპერმის გამოყოფასაც, ზრდის სქესობრივ პოტენციას. ხახვი გამოიყენება ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ. ხახვი გარეგანი გამოყენებისას ამაგრებს თმის ძირებს და აქვს ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები