ყველა დაავადებულს სტენოკარდია სხვადასხვაგვარად აწუხებს, ჩემი რეცეპტი კი ყველას ერთნაირად მოუხდება და, რაც მთავარია, არავის ავნებს.
დიდი ხანია მაწუხებს სტენოკარდია. ორი წლის წინათ, ზაფხულში, სოფელში ერთმა ქალბატონმა მასწავლა ძალიან მარტივი რეცეპტი ამ დაავადების სამკურნალოდ. ყველა დაავადებულს სტენოკარდია სხვადასხვაგვარად აწუხებს, ჩემი რეცეპტი კი ყველას ერთნაირად მოუხდება და, რაც მთავარია, არავის ავნებს.
როგორც კი ტყეში მარწყვი შემოდის, მაშინვე ვკრეფ ხოლმე ამ მართლაც სასწაულმოქმედ კენკრას. 20 გ მარწყვი გაარჩიეთ, გარეცხეთ, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და სამი საათი თავდახურული დადგით. ნაყენი ხშირ-ხშირად ურიეთ და შეანჯღრიეთ. ამის შემდეგ დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპად მთლიანადუნდა მიიღოთ.
ასე გაიმეორეთ ყოველდღიურად. ნუ დაკარგავთ დროს მარწყვის სეზონზე. შეგიძლიათ ზამთრისთვისაც გაახმოთ კენკრა და ჩაი დააყენოთ ხოლმე. ყველას,ვისაც გული აწუხებს, ვურჩევ მარწყვის სეზონზე სულ ცოტა,3 კგ მარწყვი მაინც მიიღოს ამ რეცეპტით.
ვერავითარი წამალი ვერ მოგიტანთ ამ მარტივ საშუალებაზე მეტ სიკეთეს.
ექიმის კომენტარი: ტყის მარწყვი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული ვარდისებრთა ოჯახის 10-15 სმ სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა. მარწყვის ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს, ორგანულ მჟავებს (ძირითადად ლიმონმჟავას), უჯრედისს, რკინის მარილებს, პექტინებს, ალკალოიდებს, აზოტის ნაერთებს, ფოსფორს, კალციუმს, კობალტს, მანგანუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებს, კაროტინს.
ამ დიეტური კენკრის ნაყოფისა და ფოთლების ნახარშს აქვს ოფლმდენი და შარდმდენი თვისებები, კლავს წყურვილს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. დადგენილია, რომ მარწყვის ნაყოფი აწესრიგებს ლიპიდურ და მინერალურ ცვლას, აქვს ანტიმიკრობული თვისებები. მარწყვის წვენს, ნახარშს, ნაყენს აქვს თერაპიული ეფექტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (გასტრიტის, წყლულოვანი დაავადების) დროს, აგრეთვე ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს.
მარწყვს იყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი პათოლოგიის, კერძოდ, გულის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიული დაავადების დროს. მცენარის მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტი დადებით შედეგს იძლევა სახსრების დაავადებების, პოდაგრის, ანემიის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ახალმოკრეფილი ნაყოფი. მარწყვის ფიტონციდური და ანტიმიკრობული თვისებები გამოიყენება პირის ღრუდან უსიამოვნო სუნისა და პირის ღრუს ლორწოვანის პათოლოგიების დროს ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მარწყვის წვენის გამოვლება პირში.
კენკრის წვენი გამოიყენება კანის სხვადასხვა დაავადების (ლაქები, ჭორფლი, ეგზემური მდგომარეობები, ჭრილობები) სამკურნალოდ. ფართოდ გამოიყენება მარწყვი კოსმეტოლოგიაშიც ნიღბების მოსამზადებლად, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი ამ კენკრისადმი ალერგიულია და ფრთხილად გამოვიყენოთ იგი.
წყარო: კარაბადინი