ბუასილის სამკურნალო რეცეპტი მინდა ვასწავლო მკითხველს! უყურადღებოდ არ დატოვოთ ეს მდგომარეობა. .
ყველა ჩემი ახლობელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დროს მე მომმართავს ხოლმე თხოვნით, ვასწავლო საჭირო რეცეპტი, რადგან იციან, ასეთი უამრავი რეცეპტი მაქვს შენახული.
ახლა კი ბუასილის სამკურნალო რეცეპტი მინდა ვასწავლო მკითხველს: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ შეფუთეთ, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ.
მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილის დროს. ეს ნაყენი აჩერებს სისხლდენას უკანა ტანიდან, აცხრობს ტკივილს და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. თუ ვინმეს გამოადგება ჩემი რეცეპტი, მოხარული ვიქნები.
ექიმის კომენტარი: ჰემოროის (ბუასილის) მკურნალობისას უმთავრესი მომენტებია ყაბზობის მოხსნა და სწორი ნაწლავიდან სისხლდენის შეწყვეტა. რეცეპტში შემავალი ორი კომპონენტი სწორედ ამას ემსახურება. ჭინჭარში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ორგანიზმში მოხვედრისას აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას და ასტიმულირებენ ერითროპოეზს. ჭინჭრის პრეპარატებს აქვთ სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება, რაც მცენარის ფოთლებში K ვიტამინის შემცველობას უკავშირდება.
ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შემადედებელი ფაქტორის — პროთრომბინის გამომუშავებას. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვთ ნაღველმდენი, ანტიანთებითი თვისებები, აგრეთვე ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას. მცენარეში შემავალი ქლოროფილი კი აუმჯობესებს კუნთოვან ტონუსს, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის მუშაობას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.
ჭინჭრის პრეპარატებისგან თავის შეკავებას ვურჩევთ მათ, ვისაც მომატებული აქვს პროთრომბინის მაჩვენებელი. ხეჭრელი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და შეკრულობის დროს საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.
აქვე გაგიზიარებთ მკითხველის კიდევ ერთ გამოცდილებას!;
მქონდა სისხლდენა სწორი ნაწლავიდან. მალე კვანძებიც შევნიშნე. მივხვდი, რომ ბუასილი იყო. ექიმთან მისვლა მომერიდა და გადავწყვიტე, თავად მემკურნალა.
მეზობელმა მასწავლა, რომ ასეთ დროს კარგი ყოფილა მარწყვბალახას ნაყენის მიღება. ნაყენი ასე მზადდება: მარწყვბალახას 1 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ ანადუღარი წყალი. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და შემოდგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთით. გაწურეთ 2 ფენა დოლბანდში და ანადუღარი წყლით საწყის მოცულობამდე შეავსეთ.
მიიღეთ თითო ს/კ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასე ვსვი ნაყენი 3 კვირა და საუკეთესო შედეგი მომცა. თანაც ვგრძნობ, რომ ნაღვლის ბუშტზეც ძალიან მომიხდა. წელის ტკივილიც მაწუხებდა და შედარებით უკეთ ვგრძნობ თავს. ასე რომ, ეს ნაყენი უებარი საშუალება გამოდგა.
ექიმის კომენტარი: მარწყვბალახა ვარდისებრთა ოჯახის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის 10-40 სმ სიმაღლისა იზრდება, ხარობს ნესტიან ნიადაგზე. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ფისს, გლიკოზიდებს. აქვს შემომგარსავი, ანთებისა და სისხლდენის საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, სუსტი ამოსახველებელი და ნაღველმდენი ეფექტი. გამოიყენება ფაღარათის, გასტრიტის, კოლიტის, ფილტვიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღრძილებიდან და საშვილოსნოდან სისხლდენის, პოდაგრის, რევმატიზმის, ანგინის, კანის დაავადებების დროს.